რატი ბრეგაძე - პენიტენციური დაწესებულებებისთვის ვყიდულობთ კამერებს, სპეციალურ მოწყობილობებს, რათა გადავიდეთ უახლეს სისტემებზე და ხარვეზი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი
პენიტენციური დაწესებულებებისთვის ვყიდულობთ კამერებს და სპეციალურ მოწყობილობებს, რათა გადავიდეთ უახლეს და თანამედროვე სისტემებზე, რომ ხარვეზი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ვიდეოკამერების მუშაობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
ბრეგაძეს კითხვა დაუსვეს პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის საქმეზე. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა კამერებს, რაზეც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ „დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზი“.
„რაც შეეხება კამერებს, ჩვენ ეს არ დაგვიმალავს, ვუპასუხეთ როგორც სახალხო დამცველს, ასევე საგამოძიებო ორგანოსაც, რომ დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზი და ინფორმაცია მივაწოდეთ შესაბამის უწყებებს. რა და როგორ მოხდა, ამის შესახებ, ვინც დაინტერესებულია ინფორმაციის მოძიებით, ჩაატარებს შესაბამის მოქმედებებს და აუცილებლად გაირკვევა“, – განაცხადა ბრეგაძემ.
კითხვას იმის შესახებ, მიიღეს თუ არა შესაბამისი ზომები კამერებთან დაკავშირებით, მუშაობს თუ არა ისინი, რაზეც ბრეგაძემ განაცხადა, რომ კამერები მწყობრშია.
„როდესაც ჩვენ და შესაბამისმა თანამშრომლებმა დაიწყეს იმ მოთხოვნაზე მუშაობა, რომელიც იყო როგორც სახალხო დამცველის, ასევე საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, აღმოჩნდა, რომ იქ იყო გარკვეული ხარვეზი. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე მსგავსი ტიპის ხარვეზები და ინფორმაცია მათ მივაწოდეთ. მიზეზი შეიძლება, ძალიან ბევრი იყოს. ერთ-ერთი ტელევიზიის მეშვეობით იმაზეც იყო საუბარი, თუ არ ვცდები „მთავარზე“, რაღაც სენსაციად იყო გასაღებული, რომ ვყიდულობთ კამერებს და სპეციალურ მოწყობილობებს და სწორედ ამ მიზნით ხდება განახლება მათ შორის, რომ გადავიდეთ უახლეს და თანამედროვე სისტემებზე, სადაც ხარვეზი იქნება მინიმალიზირებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.