რატი ბრეგაძე - პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და ვინმე თუ შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს
რატი ბრეგაძე - პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და ვინმე თუ შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებს პასუხს

თუკი ვინმე შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებენ კანონის და საზოგადოების წინაშე პასუხს, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, რომელიც მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით​, პენიტენციური დაწესებულება განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია და მის სიახლოვეს ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება მომეტებული საფრთხის წყარო იყოს.

„პენიტენციური დაწესებულება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი და აქ რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობაზე არც უნდა იოცნებონ. შესაძლოა, ეს გახდეს მომეტებული საფრთხის წყარო ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადაა.

„ბუნებრივია, შესაბამისი სამსახურები აკეთებენ გათვლებს ნებისმიერი შემთხვევისთვის. თუკი მათ გაბედეს და რაიმე სახის პროვოკაციას ექნა ადგილი, ამას შესაძლოა, ჰქონდეს გამოუსწორებელი შედეგები საზოგადოებისთვის და ამის უფლებას არ მივცემთ და ჯობს, აქვე დაივიწყონ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძემ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები კეტავენ ცენტრალურ გზას, ხელს უშლიან პატიმრების გაყვანის პროცესს და მიმართავენ სხვადასხვა პროვოკაციას.

„ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და ამას ვასრულებთ, მაგრამ მინდა, მკაცრად გავაფრთხილო თითოეული მათგანი – თუკი ვინმე შეეცდება რაიმე სახის პროვოკაციის მოწყობას, ძალიან მკაცრად აგებენ კანონის და საზოგადოების წინაშე პასუხს, ჩვენ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, აბსოლუტურად ყველა სცენარისთვის მზად ვართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.