რატი ბრეგაძე - პენიტენციურ სამსახურს და მის სამედიცინო დეპარტამენტს აქვთ კითხვები სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით, ველოდებით პასუხებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციურ სამსახურს და მის სამედიცინო დეპარტამენტს აქვთ გარკვეული კითხვები კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით, რის გამოც პენიტენციურმა სამსახურმა 30 აპრილს მიმართა სახალხო დამცველს.
ბრეგაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს რამდენიმე კითხვით მიმართეს და პასუხებს ელოდებიან.
„რაც შეეხება დასკვნას, რომელზეც საუბრობთ (სახალხო დამცველის კონსილიუმის), მოგეხსენებათ, ეს დასკვნა პენიტენციურ სამსახურს მიეწოდა 28 აპრილს, დღის ბოლოს მივიღეთ ეს განცხადება და პენიტენციურმა სამსახურმა მოახდინა მყისიერი რეაგირება. 30 აპრილს მიმართა პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველს და აღვნიშნეთ, რომ პენიტენციურ სამსახურს და მის სამედიცინო დეპარტამენტს აქვთ გარკვეული კითხვები დასკვნასთან დაკავშირებით და მოხდეს გარკვეული დეტალების დაზუსტება, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გასაუბრება. ამ დასკვნაში არსებობს გარკვეული მომენტები და სხვათა შორის, ეს დანართი არ არის საჯარო სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით. ჩვენ მივმართეთ რამდენიმე კითხვით სახალხო დამცველის აპარატს, რაზეც გვინდა პოზიციების დაზუსტება. ველოდებით პასუხს.
მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიღებს არგუმენტირებულ პასუხებს, გაანალიზებს, მათ შორის თუ საჭირო იქნება, რომ ჩატარდეს დამატებითი გასაუბრება ჯგუფის წევრებთან, მხოლოდ შემდეგ იქნება საუბარი იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარება შესაძლოა, იყოს საჭირო. რაც შეეხება ნდობის, თუ არნდობის საკითხებს, ეს არის სამედიცინო სფერო. მე არ ვარ პროფესიით ექიმი, არც ექიმის საქმიანობის ლიცენზია მაქვს და ბუნებრივია, ამ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა არსებობს გარკვეული მომენტები, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება.
მინდა, ვისაუბრო ერთ მომენტზე. 30 აპრილს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, დაახლოებით 11 საათისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბატონმა გიორგი გრიგოლიამ გააჟღერა პერსონალური და შესაძლოა, თამამად ითქვას, განსაკუთრებით პერსონალური ინფორმაცია, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილს, კერძოდ სისხლში ალბუმინის ოდენობასთან დაკავშირებით. ასევე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაჟღერებული ინფორმაცია მკვეთრად განსხვავდება რეალობისგან, ანალიზებში მოცემული რეალობისგან და ეს ანალიზები ხელმისაწვდომი იყო მათ შორის ექსპერტთა ჯგუფისთვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არსებობს გარკვეული კითხვები დასკვნასთან დაკავშირებით და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი მათ შორის, რომელიც 30 აპრილს ჩვენ მიერ გაგზავნილი იყო სახალხო დამცველთან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ სასამართლო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებას ოფიციალური წერილით მიმართავს, რატი ბრეგაძის განმარტებით, პენიტენციური სამსახური ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
„მსგავსი ტიპის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით. ბუნებრივია, პენიტენციური სამსახური ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და მას ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება, სხვა ასეთი გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს. საუბარი არის გარკვეულ, მიზანმიმართულ, დეზინფორმაციულ კამპანიაზე. აქ კიდევ ერთხელ გაიჟღერა ტერმინმა „ფატალური შედეგი“. პენიტენციური სამსახური ყოველთვის მოქმედებდა და მომავალშიც იმოქმედებს ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თითოეულ მათგანს ეწევა ადეკვატური სახის სამედიცინო მომსახურება. ბუნებრივია, ამაზე უნდა იყოს მათივე თანხმობა“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.