რატი ბრეგაძე - პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება იუსტიციის სახლების გახსნა, ასევე გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა
იუსტიციის მინისტრობის ჯანდიდატმა, რატი ბრეგაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დამატებით კიდევ გაიხსნება იუსტიციის სახლები.
რატი ბრეგაძის თქმით, იუსტიციის სახლები პენიტენციურ დაწესებულებაში არის ქართული ინოვაციური პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი მოწონება აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ეს არის ქართული ინოვაციური პროგრამა, რომლის შედეგად პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ სრული წვდომა ჰქონდეთ სახელმწიფო სერვისებზე და, რა თქმა უნდა, ასევე იუსტიციის სახლებით სარგებლობენ ჩვენი თანამშრომლებიც. ეს არის უპრეცენდენტო პროექტი და ქართული ინოვაცია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მოწონება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პირდაპირ ვიტყვი, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებისთვის სერვისების მიწოდების კუთხით. დღეს პატიმრებს საქართველოში აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფო სერვისები და ასევე, კერძო სერვისები ზუსტად თითქმის იმავე გარემოში, რომელშიც მიჩვეული არის ზოგადად მომხმარებელი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, რატი ბრეგაძემ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
„დაბა ლაითურში ახლადგახსნილი, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივი დატვირთვის პარალელურად, დასრულდება ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა ქალაქ რუსთავში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ და აღნიშნა, რომ უკვე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
მისივე თქმით, ბრალდებულთა/მსჯავდრებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტი შესაძლებლობისთვის ასევე გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულებებისა და სამკურნალო პენიტენციური დაწესებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა.