რატი ბრეგაძე - პატიმრებს მინდა, მივცე გარანტია, რომ არასოდეს გაიგებენ კარზე ხელ-კეტის დაკაკუნების ხმას, რაც მათთვის წამების მომასწავებელი იყო
ჩვენ გვიყურებენ პატიმრები, რომლებმაც უნდა იცოდნენ და დარწმუნებული იყვნენ, მივცე მათ სრული გარანტია, რომ არასოდეს გაიგებენ ხელ-კეტის, დაკაკუნების ხმას კარზე, რაც მათთვის წამების მომასწავებელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა.
მან ასევე მიმართა ოპოზიციას და აღნიშნა, რომ მათ საშუალება აქვთ, გამოიყენონ სადეპუტატო უფლებამოსილება და სააკაშვილის გარდა, სხვა პატიმრებიც მოინახულონ ან ციხეში არსებულ სიტუაციას გაეცნონ.
„გულწრფელად მოხარული ვიყავი, რომ ინტერპელაცია ინიშნებოდა, რადგან ჩვენ ნამდვილად გვაქვს ძალიან ბევრი სასაუბრო, თუ რა გამოსწორდა. თუმცა, ისიც გითხარით, რომ იდეალურობას არ ვამტკიცებთ, პირიქით, ყოველთვის ვეძებთ ახალ გამოწვევებს, რომ მას ვუპასუხოთ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა და ამის მოლოდინი მქონდა, რომ თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ არც ერთი პატიმრის ბედი, გარდა ერთი ადამიანისა. შეიძლება, კიდევ რამდენიმესი. ერთი კითხვაც არ დაგისვამთ სხვა პატიმრებთან დაკავშირებით. გვიყურებენ მათ შორის პატიმრები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორის საშუალებით ადევნებენ თვალყურს დღევანდელ სხდომას. გულწრეფალად ვწუხვარ, რომ სწორედ თქვენ შეეცადეთ, არ გვესაუბრა მათ შესახებ და არ გაეგოთ თუნდაც ის მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ხორციელდება. ვფიქრობ, შეგიძლიათ, მათ შორის თქვენი სადეპუტატო უფლებამოსილება იმაშიც გამოიყენოთ, რომ როდესმე სხვა ადამიანებიც მოინახულოთ, ან ზოგადად ციხეში არსებულ სიტუაციას გაეცნოთ. ამ ყველაფრით თქვენ ნათლად დაანახეთ საზოგადოებას, რომ არა „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, არამედ საქართველოს ოპოზიცია ხართ. ერთი სხვა პატიმრის ბედიც არ მოიკითხეთ. კარგად დაინახა საზოგადოებამ, რომ თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ პატიმრის ბედი. ჩვენ გვიყურებენ პატიმრები, რომლებმაც უნდა იცოდნენ და დარწმუნებული იყვნენ, მივცე მათ სრული გარანტია, რომ არასოდეს გაიგებენ ხელ-კეტის დაკაკუნების ხმას კარზე, რაც მათთვის იყო წამების მომასწავებელი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.