რატი ბრეგაძე - პარლამენტის ეზოში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ და შეიძლება, ანა ნაცვლიშვილს ეს ეწყინა
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როგორც ჩანს, ანა ნაცვლიშვილი სხვა საკითხებით იყო გართული და ვერ მოისმინა, რომ პარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირი რამდენჯერმე ახსენა.
„ქალბატონმა ნაცვლიშვილმა ბრძანა, თითქოს ჩვენ არაფერი გვითქვამს ევროკავშირზე. არ მინდა, ისეთი ეპითეტი გამოვიყენო, რომ ტყუილია. ალბათ ქალბატონი ანა სხვა საკითხებით უფრო იყო გართული და ვერ გაიგო, რომ ზუსტად ოთხჯერ ვახსენე ევროკავშირი. პირველი იყო ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმის დანერგვა, რაც თავისთავად არის უნიკალური ინსტრუმენტი და ნამდვილად დაეხმარება ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ ბევრად სწრაფი და ეფექტიანი იყოს ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაციის პროცესი. ასევე, ვისაუბრეთ, რომ მეტი ინტენსივობით გაგრძელდება ევროკავშირის სამართლებრივი აქტების თარგმნა ქართულ ენაზე, რაც მრავალ იურისტს, ასევე სხვა ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეს სრული წვდომა ევროკავშირის სამართლის ბაზასთან. ვისაუბრე იმაზეც, რომ სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი. აგრეთვე, ენერგია დაიწუნა ქალბატონმა ანამ. რა ვქნათ, პარლამენტის ეზოში „მუსტანგების“ ღმუილით არ შემოვსულვართ და შეიძლება, ეს ეწყინა ქალბატონ ანას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.