რატი ბრეგაძე - ოპოზიცია ცდილობს „არაადამიანური მოპყრობისა“ და „წამების“ ტერმინების დამკვიდრებას, რაც არის მტკნარი სიცრუე
ბუნებრივია, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, მის ჯანმრთელობაზე სრულად პასუხისმგებელი არის, რა თქმა უნდა, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მან უპასუხა კითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას შეეხოს მე-18 დაწესებულებაში მისი ყოფნის პერიოდში.
ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა მე-18 დაწესებულების სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციიითა და მთავარი ექიმის დიპლომის საკითხით.
„რაც შეეხება დიპლომს, დიპლომს ვერ გეტყვით და თუ ეს გახდება საჭირო და აუცილებელი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდება გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს „არაადამიანური მოპყრობისა“ და „წამების“ ტერმინების დამკვიდრებას, რაც იუსტიციის მინისტრის შეფასებით, არის მტკნარი სიცრუე.
„რაც შეეხება თქვენი შეფასებებს. აბა, წაიკითხეთ, სახალხო დამცველის შეფასება, სადაც საუბარია წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე. ამას ამბობთ თქვენ, რომ იქ არაადამიანური მოპყრობა და წამებაა და სწორედ ამ მესიჯის გავრცელება მიდის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც არის მტკნარი სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. რაც შეეხება არაადამიანურ მოპყრობას და წამების ტერმინებს, ეს არის ის ნარატივი, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს, ოპოზიცია და ჩვენი ოპონენტები, რაც არის მტკნარი სიცრუე. როდესაც ვინმე და კონკრეტულად პატიმარი უწევს წინააღმდეგობას ჩვენს თანამშრომლებს, ბუნებრივია, თანამშრომელმა უნდა აღასრულოს კანონი და მაქსიმალურად რბილი შესაძლო მეთოდებით აღასრულოს სამართლის ის ნორმები, რომელთა შესრულებაც მისი ვალდებულებაა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.