რატი ბრეგაძე - ოპონენტები მუდმივად ახორციელებენ პერსონალურ შეურაცხყოფას, გადადიან ოჯახის წევრებზე და არასრულწლოვან შვილებზე, რაც ამორალური საქციელია, ამის გამო უნდა რცხვენოდეთ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რატომ მიიღო სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ სასამართლო პროცესზე არ გადაეყვანა.
ბრეგაძის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან პატიმარი სააკაშვილი უარს ამბობს მკურანლობის არსებითი ნაწილის გაგრძელებაზე და შესაძლებელი იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო.
„მინდა, საზოგადოებას მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის და აქვე, კიდევ ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით, ერთ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას შეიძლება, ჰქონდეს, ვთქვა ჩვენი სათქმელი. ეს შეეხებოდა სასამართლოში არ გადაყვანის საკითხს. დიახ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან პატიმარი სააკაშვილი უარს ამბობს მკურანლობის არსებითი ნაწილის გაგრძელებაზე და შესაბამისად, შესაძლებელი იყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო. ეს რომ სასამართლოში მომხდარიყო, ვინ აიღებდა მერე ამაზე პასუხისმგებლობას?“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის თქმით, მოქმედებენ პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და მომავალშიც ასე გააგრძელებენ. „ეს არის ის სიმართლე, რაც არის ჩვენს უკან“, – დასძინა რატი ბრეგაძემ.
ამავდროულად, ბრეგაძის თქმით, გათვალისწინებული იყო უსაფრთხოების ფაქტორიც.
„აქ ასევე იყო უსაფრთხოების ფაქტორი, ჩვენი ოპონენტების მხრიდან სასამართლოსთან ისევ იყო მიყვანილი ხალხი. ისინი ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ სასამართლო პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის. ბუნებრივია, ჩვენ მსგავსი ტიპის ქმედებებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევუწყობთ ხელს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, რატი ბრეგაძემ ოპონენტებსაც მიმართა.
„მინდა მივმართო ჩვენს ოპონენტებს, ბოლო დღეებში ჩვენ ვაკვირდებით სიძულვილის ენას მათი მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მხრიდან, ასევე ჩემი გუნდის მხრიდან არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ თქმულა მათ მიმართ, ისინი მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც პერსონალურ შეურაცხყოფას, ასევე რაც უკვე ძალიან საგანგაშო და უპატიებელი შეცდომაა მათი მხრიდან, ისინი გადადიან ოჯახის წევრებზე და არასრულწლოვან შვილებზე, რაც არის ყოვლად ამორალური საქციელი, მათ ამის გამო ძალიან უნდა რცხვენოდეთ. იმედი მაქვს, გონს მოეგებიან სიძულვილის ენის გამავრცელებელები და საზოგადოებასთან სიძულვილის ენით საუბარს შეწყვეტენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.