რატი ბრეგაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ რა ძალას წარმოადგენს, არავისთვის აღარ არის საიდუმლო, პრემიერის განცხადება გულისხმობდა იმ არჩევანს, რომელიც მოსახლეობას აქვს ოქტომბერში
რატი ბრეგაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ რა ძალას წარმოადგენს, არავისთვის აღარ არის საიდუმლო, პრემიერის განცხადება გულისხმობდა იმ არჩევანს, რომელიც მოსახლეობას აქვს ოქტომბერში

„ნაციონალური მოძრაობა“ რა ძალას წარმოადგენს, მგონი, საიდუმლო არავისთვის არ არის. პრემიერის განცხადება გულისხმობდა იმ არჩევანს, რომელიც აქვს ქართულ მოსახლეობას ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ყველა კარგად ხედავს, როგორ ცდილობდა და ახლაც ცდილობს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას.

„ყველას კარგად მოგვეხსენება, ეს რა არჩევანია. ეს არის არჩევანი, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ მოძრაობას შორის. „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც აკეთებდა, ყველამ კარგად იცის. დაწყებული ადამიანების წამებიდან, გაგრძელებული სახელმწიფო ტერორიზმით, რასაც ეს ადამიანები აგრძელებენ, მათ შორის, ახლაც. ჩვენ, ყველანი ვხედავთ, როგორ ცდილობდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას და მე ამ სიტყვას არ ვერიდები. დაწყებული სააკაშვილის შემთხვევიდან, როდესაც მათ პირდაპირ გადაიხადეს მილიონ დოლარზე მეტი და ეს არის დოკუმენტირებული, მათ შორის, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით ჩანს, როგორ იხდიდნენ ფულს, რომ შეემუშავებინათ სტრატეგია, როგორმე კონგრესს დაესანქცირებინა საქართველო.

ჩვენ გვაქვს ამ ადამიანებთან საქმე, რომლებიც მოქმედებენ მიზანმიმართულად ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლაც იგივე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ნაწილი არის „ლელო“ და ყველამ ნახა, ეს ადამიანები რას აკეთებენ – სახელმწიფოსგან ითხოვდნენ ბიუჯეტის მეოთხედს, რათა გამოეწვიათ ეკონომიკური კოლაფსი. არ აინტერესებდათ საკუთარი მოსახლეობის ინტერესები. ადამიანს თუკი პოლიტიკაში ყოფნის სურვილი გაქვს და გულწრფელად გინდა, ემსახურო შენს სახელმწიფოს, როგორ შეიძლება, მოსთხოვო საკუთარ სახელმწიფოს ბიუჯეტის მეოთხედი. ეს იქნებ რაიმენაირად დაასაბუთონ. წარმოუდგენელია, ხომ? შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საქმე იმ ადამიანებთან, რომლებსაც ზურგს უმაგრებს წამება, არაადამიანური მოპყრობა, რომლებიც თანხებს ხარჯავენ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე სურთ უსამართლოდ გამდიდრება. ეს ყველაფერი დამტკიცდა და სიმართლე ამის შესახებ არბიტრაჟმა უკვე თქვა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც, გარანტიას ვიძლევი, ერთი კვირა არ დასჭირდებათ, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი“.