რატი ბრეგაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალადობდა ადამიანებზე, აწამებდა პატიმრებს და რომლის ხელისუფლების დროსაც საქართველო საშიში ტრაექტორიით ვითარდებოდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მოსახლეობას ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეს, რა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა საქართველოს საქმე 2003 წლიდან 2012 წლამდე.
ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ძალადობდა ადამიანებზე, აწამებდა პატიმრებს და რომლის ხელისუფლების დროსაც საქართველო ვითარდებოდა საკმაოდ საშიში ტრაექტორიით.
„თამმად შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს უკვე აშკარად გამოკვეთილი იყო ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი. ხშირად ვსაუბრობ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს შორის შედარებებზე. ვფიქრობ, ადამიანის უფლებების დაცულობის თვალსაზრისით, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, ასევე მთელ რიგ სხვადასხვა სფეროში პროგრესი არის ცხადი. მაგალითად, მხოლოდ იუსტიციის სახლების რაოდენობითაც რომ ვიმსჯელოთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო მხოლოდ და მხოლოდ 12 იუსტიციის სახლი. დღეს უკვე გვაქვს 122 იუსტიციის სახლი, პენიტენციურ დაწესებულებებშიც გაიხსნა იუსტიციის სახლები, მათ შორის, მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 20 იუსტიციის სახლი. საკმაოდ ხშირად არის საუბარი ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებიდან, თითქოს მათ დროს განვითარებული იყო იუსტიციის სახლი, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ის განადგურდა. როგორი ტყუილიცაა მათი ეს განცხადება, ანალოგიური ტყუილი არის სხვა ყველაფერი. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო 12 იუსტიციის სახლი და დღეს საქართველოში არის 122 იუსტიციის სახლი, მათ შორის იმ დაწესებულებებში, რომლებიც იყო უკვე გადაქცეული წამების ადგილებად და მთელ რიგ შემთხვევებში, სამწუხაროდ, სასაკლაოებად. ვგულისხმობ პენიტენციურ დაწესებულებებს. ჩვენ დღეს იქაც კი გავხსენით იუსტიციის სახლები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს იმ სხვაობაზე, რაც არის „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.