რატი ბრეგაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილისგან, კეზერაშვილისგან და ვანო მერაბიშვილისგან არაფორმალურად მართული ძალა
უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს ნამდვილად არ აქვს საქართველოში არც პოლიტიკური პარტიის წევრობის და, მით უმეტეს, არც მისი თავმჯდომარეობის უფლება. თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქე არის მათი ლიდერი, თავად აღიარებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის არაფორმალურად მართული ძალა მიხეილ სააკაშვილისგან, კეზერაშვილისგან, ვანო მერაბიშვილისგან და ა.შ. შესაბამისად, ეს არის მათი პრობლემა.
„სააკაშვილს, ისევე როგორც ნებისმიერ ამ ქვეყანაში მყოფ სხვა ადამიანს, აქვს გამოხატვის თავისუფლება და ის სასამართლო პროცესზე რას იტყვის, ეს არის მისი გადასაწყვეტი. მთავარია, რომ მან სასამართლო პროცესზე ასევე ისაუბროს იმის შესახებ, რაც უშუალოდ შეეხება საქმეს. მისი განცხადებით კანონი ვერ დაირღვევა. მას აქვს საკუთარი მოსაზრებები, რომელსაც ავრცელებს. თუ ის ვინმეს მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ეს იქნება კანონდარღვევა. დანარჩენი, რა პოლიტიკურ მოსაზრებებსაც გამოთქვამს, ამით კიდევ ერთხელ ჩნდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, როგორც არაფორმალურად მართული პოლიტიკური გაერთიანების“, – განაცხადა ბრეგაძემ.