რატი ბრეგაძე - მსოფლიო ბანკის რეიტინგებში წარმატება საქართველოს მიერ მრავალი წლის განმავლობაში გაწეულ შრომას ემყარება
რატი ბრეგაძე - მსოფლიო ბანკის რეიტინგებში წარმატება საქართველოს მიერ მრავალი წლის განმავლობაში გაწეულ შრომას ემყარება

კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ორ, ნატო-ს წევრ ორ ქვეყანას და ასევე ბალტიისპირეთის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში იკავებს მეოთხე ადგილს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მსოფლიო ბანკის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს წარმატება ემყარება საქართველოს მიერ მრავალი წლის განმავლობაში გაწეულ შრომას.

„რაც შეეხება მსოფლიო ბანკის კვლევის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებს, აქ აუცილებლად გამოვეხმაურებით კანონის უზენაესობის საკითხს. ამ კვლევის თანახმად, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ორ, ნატო-ს წევრ ორ ქვეყანას და ასევე, ბალტიისპირეთის შემდეგ, პოსტსაბჭოთა სივრცეში იკავებს მეოთხე ადგილს. რა თქმა უნდა, ეს წარმატება ემყარება საქართველოს მიერ მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებულ შრომას და ბოლო პერიოდს თუ გავიხსენებთ, ხაზგასასმელია რა თქმა უნდა, კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც 2017 წელს გატარდა, ასევე, საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმა, სასამართლოს რეფორმა და რაც მთავარია, ასევე, ხელისუფლების განწყობა თავად კანონის პატივისცემისადმი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს წარვუდგენთ არაერთ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს საქართველოს არაერთი კანონის ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციას, ასევე, საქართველოს კანონმდებლობის საბჭოთა მემკვიდრეობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ბუნებრივია, ყველა ეს რეფორმა შემდეგ წელს უფრო მეტად წინ წაგვწევს ამ რეიტინგში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38-ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზე დასახელდა.