რატი ბრეგაძე - მსჯავრდებული სააკაშვილი როდესაც შიმშილობდა, არ მახსენდება „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრის მოწოდება, რომ მას შიმშილობა შეეწყვიტა
მსჯავრდებული სააკაშვილი როდესაც შიმშილობდა, არ მახსენდება არც ერთი თქვენი პარტიის წევრის მიერ გავრცელებული მოწოდება, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა, – ასე მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, სადაც მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ითქვა მკაფიო მოწოდება, რომ მას არ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს იქნებოდა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი.
„თქვენი მხრიდან მოწოდება არ ყოფილა, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა, როდესაც ჩვენი მხრიდან ყოველდღე როგორც ექიმებისგან, ასევე ყველა ჩვენს განცხადებაში იყო მოწოდება, რომ მას შეეწყვიტა შიმშილობა და მოფრთხილებოდა საკუთარ ჯანმრთელობას. რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაწყებული ჰქონდა გამოძიება და როდესაც მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში შეიყვანეს, მიზანმიმართულად ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ „იგი თითქოსდა 30 მეტრის დაშორებით გადმოიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანიდან და ათრიეს“- ეს ჩემი სიტყვები არ არის, ვციტირებ. შესაძლებელია, ამ ინფორმაციას მოჰყოლოდა მღელვარება, შესაბამისად, ეს კადრები ნაჩვენები იყო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად. შემდგომში, როდესაც დაიწყო სასამართლო პროცესი, გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსაც არ ჩაუთვლია, რომ რაიმე უფლება ირღვეოდა, რაც ვნახეთ გადაწყვეტილებებში. მაგრამ თქვენ გაქვთ თქვენი სამართალი, რომელიც არის სრულად აცდენილი. შეურაცხმყოფელია როდესაც მეუბნებით, რომ რასაც მე ვამბობ, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამას მეუბნება იმ ფრაქციის წარმომადგენელი, რომელმაც შემოიტანეთ შუამდგომლობა, რომელიც არაფერ შუაში არ არის ქართულ კანონმდებლობასთან და მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის სამართალთან, ითხოვთ, რომ მსჯავრდებული პატიმარი გავიდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამკურნალოდ, საერთოდ გაქვთ წაკითხული რომელიმე კანონი? როდესაც მსგავს შუამდგომლობას წერდით და ყველა კოლექტიურად აწერდით ხელს“, – განაცხადა ბრეგაძემ.