რატი ბრეგაძე - მსჯავრდებული პატიმრები სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში და არც სააკაშვილია გამონაკლისი, ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია როცა იქნება, დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია.
„ამ საკითხზე მრავალჯერ დაისვა კითხვა განსხვავებული კუთხით და ჩვენი პასუხი არის ერთი – მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან საქართველოში სასჯელს იხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში. ვგულისხმობ მსჯავრდებულ პატიმრებს და, შესაბამისად, არც ის არის გამონაკლისი. როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, იგი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ვიზუალის მიხედვით, არამედ ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. როგორც კი იქნება რეკომენდაცია, ის დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში. ის არის მსჯავრდებული პატიმარი, მათ შორის, კლინიკა „ვივამედშიც“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხებოდა სახალხო დამცველის კონსილიუმის განცხადებას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის დინამიკა დადებითია, რატი ბრეგაძის თქმით, ამ თემაზე მისგან რაიმე კომენტარს, შესაძლოა, მანიპულაციები მოჰყვეს, ამიტომ თავს შეიკავებს.
„თქვენ გაქვთ ინფორმაცია. მე რომ ახლა რაიმე კომენტარი გავაკეთო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, შემდგომში შეიძლება, ამას სხვადასხვა სახის მანიპულაცია მოჰყვეს, თითქოს მე ვსაუბრობ პერსონალურ ინფორმაციაზე. სწორედ ამიტომ, თუ გამოაქვეყნებს იგივე კონსილიუმი მსჯავრდებულთან შეთანხმებით და, ბუნებრივია, მათ ექნებათ ამის თანხმობა, საზოგადოებას შეუძლია, მიიღოს აქედან ინფორმაცია. მე ვარ ამ პოზიციაზე, რომ მსჯავრდებულს დავაბრუნებთ პენიტენციურ დაწესებულებაში მას შემდეგ, რაც გვექნება ექიმების რეკომენდაცია“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.