რატი ბრეგაძე მონაწილეობდა ევროპის საბჭოს მინისტერიალში, სადაც შეიმუშავეს დეკლარაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული მართლმსაჯულების საკითხების გადაწყვეტის პრინციპების შესახებ
ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრებმა, წევრმა და დამკვირვებელმა ქვეყნებმა შეიმუშავეს დეკლარაცია, რომელიც ასახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული კრიტიკული მართლმსაჯულებისა და ანგარიშვალდებულების საკითხების გადაწყვეტის პრინციპების სერიას.
„მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ეფექტური სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობა, რომელსაც შეუძლია, აღასრულოს სამართლიანობა იმ ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებით, რომლებსაც ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.
სპეციალური ტრიბუნალმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას და ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრინციპებსა და უფლებებს. სპეციალური ტრიბუნალი უნდა სარგებლობდეს ფართო რეგიონული მხარდაჭერით, რათა უზრუნველყოს მისი ლეგიტიმაცია“, – ნათქვამია დეკლარაციაში.
ევროპის საბჭოს აღნიშნულ მინისტერიალში, სადაც დეკლარაცია შეიმუშავეს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მონაწილეობდა.