რატი ბრეგაძე - მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა, არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები
რატი ბრეგაძე - მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგად მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა, არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შედეგებზე ისაუბრა.

„დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით, რის შედეგადაც მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების ვინაობა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა – არის ეს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, ფიზიკური თუ იურიდიული პირები, და, შესაბამისად, დღეს არსებული პრობლემები, რაც, დაახლოებით, 1 000 000 ჰექტარზე არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ, როგორც უკვე ვახსენეთ, გადაიჭრება“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნება, უფრო ეფექტურად წარმართოს მიწის ადმინისტრირების და მიწით სარგებლობის პოლიტიკა, ასევე შეეწყობა ხელი არსებული ბუნებრივი რესურსის ბაზისა და დაცული ტერიტორიების დაცვასა და შენახვას. ასევე, ეკონომიკურ ბრუნვაში სამართლებრივად უსაფრთხო ობიექტების რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზრდება“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.