რატი ბრეგაძე - მიუღებელია, რომ მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის გარეთ, ვემხრობი იმ კურსს, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას
ჩვენთვის მიუღებელია, რომ მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის გარეთ, მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებშიც მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შესაბამისი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები იღებენ.
„Წარმოდგენილი სისტემა, რისი სურვილიც გარკვეულ ძალებს აქვთ, გულისხმობს, რომ საქართველოში მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ვემხრობი იმ კურსს, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში. ნუ გავაკეთებთ ასეთ ფორმულირებას, რომ ითხოვენ, არის მოთხოვნა და ასე შემდეგ. არსად წერია, რომ მოსამართლე უნდა იყოს შერჩეული უცხოელის მიერ.
შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ევროკავშირში ვერ შეხვალ, თუ მოსამართლეებს ვერ შეარჩევს რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ევროკავშირის ქვეყნებშიც გადაწყვეტილებას, მათ შორის, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, იღებენ შესაბამისი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ვეტინგის“ თემას დახურულად აცხადებენ: „ე.წ. ვეტინგის თემას დახურულად ვაცხადებთ, ქვეყნის კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმას საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ“.