რატი ბრეგაძე - მიმდინარეობს აქტიური კამპანია სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ემსახურება სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენას
ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრებისა და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ზემოაღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე, მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.
„პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის არახალია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი კერძო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან. ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების განზრახ უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება. ზემოაღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე, მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი.
მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა – პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიმართული უსაფუძვლო გამონათქვამები.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის გუშინდელი განცხადების თანახმად, პაციენტს არ აქვს ყლაპვის ფუნქციის დარღვევა და სხვა ხელშემშლელი მექანიზმი, რაც საკვების მიღებისთვის შეიძლება, არსებობდეს. მსჯავრდებულს შესთავაზეს პარენტერალური კვება, რაზეც იგი კატეგორიულ უარს ამბობს და აცხადებს, რომ ამგვარ კვებას დათანხმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანილი იქნება რეანიმაციულ განყოფილებაში.
პაციენტის ფიზიოლოგიური პარამეტრები რჩება ნორმის ფარგლებში, თუნდაც მასის ინდექსი არ შეესაბამება რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის პარამეტრებს, რაც, საბოლოო ჯამში, მოგეხსენებათ, გულისხმობს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. შესაბამისად, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც იმყოფება მსჯავრდებული სააკაშვილი, ვერ ტარდება თავად პატიმრის უარის გამო. ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან, მისივე თქმით, პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია, თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერით აქტიურად არის დაკავებული.