რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე კითხვა არავის აქვს, ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება
სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საერთოდ არავის აქვს რაიმე სახის კითხვა. აქ წარდგენილი იყო პოზიციები, როგორც მოსარჩელის მხრიდან, ასევე საპასუხო პოზიციები ჩვენი მხრიდან, ამ საკითხზე საერთოდ, ბუნებრივია, კითხვა არავის გააჩნია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
როგორც მინისტრმა საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მტკიცებულებების საფუძველზე და ხელმძღვანელობს სამართლებრივი ნორმებით და არა – პოლიტიკური აღქმებით და შთაბეჭდილებებით.
„ჩვენ ახსნა-განმარტებებს არ ვაკეთებთ, ჩვენ გვაქვს დიალოგი ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, მათ შორის იმ ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, საითკენაც მიილტვის საქართველო და ეს არის ევროკავშირი. ეს ყველასთვის ცხადია. კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი სამკურნალოდ ყოფილიყო გადაყვანილი ვარშავაში დაუყოვნებლივ, ამაზე იყო პასუხი და ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხის. დანარჩენ სარჩელს რაც შეეხება, როდესაც დაცვის მხარე წარადგენს სარჩელს, როდესაც სასამართლო გამოგვიგზავნის ჩვენი პოზიციების მისაწოდებლად, მერე ვისაუბრებთ ამ საკითხზე. რაც შეეხება გადაწყვეტილებას პოლონეთში მსჯავრდებული სააკაშვილის გადაყვანაზე, ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის საბოლოო“, – განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რატი ბრეგაძეს შეხვდნენ.