რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა უპრეცედენტოა, მსგავსი არათუ ქართულ სასჯელაღსრულების სისტემას, არამედ შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბითაც არავის ახსოვდეს
რატი ბრეგაძე - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა უპრეცედენტოა, მსგავსი არათუ ქართულ სასჯელაღსრულების სისტემას, არამედ შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბითაც არავის ახსოვდეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში გადაყვანისას არავითარი საფრთხე არ შეიქმნება.

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, პატიმრის გადაყვანის დროს მუშავდება რამდენიმე სცენარი, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვას. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში არის ხოლმე სრული მზადყოფნა და ის, ვინც გაბედავს ასეთ დროს ხელის შეშლას, იქნება დამნაშავე და პასუხს კანონის წინაშე აგებს.

„უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, უკვე პრევენციულად მოვახდინოთ გარკვეული საფრთხეების გამორიცხვა. ჩვენ ვნახეთ, რომ დაახლოებით 500-600 ადამიანზე იყო საუბარი, რომ მათ მოეხერხებინათ ჩვენთვის ხელის შეშლა, როდესაც დავაპირებდით მის გადაყვანას სხვა დაწესებულებაში. ეს გეგმა მათ ჩაუვარდათ და რომც დაეპირებინათ – აქვე მინდა, მათ გასაგონად ვთქვა: როდესაც ჩვენ ვახორციელებთ პატიმრის გადაყვანას, აბსოლუტურად ყველა სცენარს წინასწარ გავდივართ; ჩვენ გვაქვს ყოველთვის სრული მზადყოფნა და თუკი ვინმე გაბედავს მსგავსი რაიმეს გაკეთებას, პასუხი იქნება ძალიან ადეკვატური და ძალიან მკაცრი. ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით. სულ რომ, გამოიყვანონ რამდენი ადამიანიც უნდათ, იმდენი. დამნაშავე იქნება ამ შემთხვევაში ყველა. ჩვენ მას ვერტმფრენითაც გადავიყვანთ და იქ, ბუნებრივია, ხელს ვერაფრით შეგვიშლიან. როგორც უკვე ვთქვი​, ვერტმფრენითაც გადავიყვანთ №18 დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებრივ მდგომარეობაზე და განაცხადა, რომ დღემდე მას 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა და მის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით არც ერთი ობიექტური პრეტენზია არ არსებობს. მინისტრის თქმით, ციხესთან 24-საათიან რეჟიმში მორიგეობს რეანიმობილი, ასევე, მიხეილ სააკაშვილის საკანთან მორიგეობს ორი ექიმი. მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, სრულ მზადყოფნაშია ტექნიკაც, რათა ადგილზევე იყოს შესაძლებელი დახმარების აღმოჩენა.

„სააკაშვილის, როგორც პატიმრის, შემოსახლების დღიდან ჩვენ დავიწყეთ ზრუნვა როგორც მისი ჯანმრთელობაზე, ისე მის უფლებრივ მდგომარეობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უპრეცედენტო და მსგავსი შემთხვევა არათუ ქართული სასჯელაღსრულების სისტემას, არამედ შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბითაც არ ახსოვდეს არავის. ჩვენ დასამალი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს. ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს პატიმარ სააკაშვილს, 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა უკვე. ჩვენ ყველას ვუშვებთ, რათა მოინახულონ და ნახონ, როგორ პირობებშია ის. ჩვენ რომ მწამებლები ვიყოთ, ჩვენ რომ გვინდოდეს მისი უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვა, შევუშვებდით ამდენ ხალხს მის სანახავად? არცერთი ობიექტური პრეტენზია არ არსებობს. ჩვენ პრევენციისთვის ვთხოვეთ ჯანდაცვის სამინისტროს და მუდმივ რეჟიმში მორიგეობს ციხის ეზოში რეანიმობილი და მისი საკნის გადაღმა – ორი ექიმი. ასევე, შეტანილია სპეციალური აპარატურა და თუკი რაიმე პრობლემა შეიძლება შეიქმნას ჯანმრთელობის მხრივ, ადგილზევე აღმოუჩინონ დახმარება. როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს, რომ მისი რომელიღაც უფლება ირღვევა, მისი უფლებები არის ზედმიწევნით დაცული და ეს არ არის მხოლოდ სააკაშვილის შემთხვევაში – ეს არის ყველა პატიმრის შემთხვევაში. ნამდვილად საამაყოა დღეს ის მდგომარეობა, რაც არის პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.