რატი ბრეგაძე - მელიას აღქმები სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საინტერესო არ არის, გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ მელია არის დამარცხებული
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკა მელიას როგორც დაპატიმრება, ისე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იყო კანონიერი და სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ასევე ეს არ იყო მოტივირებული პოლიტიკური ნიშნით, – ამის ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას აქვს მყარი ლოგიკა და მთავრობის, კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პოზიციები იყო მყარად დასაბუთებული.
ამასთან, როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან პოლიტიკური შეხედულებები, შეგრძნებები და სამართალი.
„თუ რა შეფასება აქვს ბატონ ნიკანორ მელიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან უკვე არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მკაფიოდ და ხაზგასმით თქვა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ განხორციელებული ღონისძიებები იყო სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.
მელიას აქვს გამოხატვის თავისუფლება და შეუძლია, თავისუფლად ისაუბროს იმაზე, რაც უნდა და იმ ფორმით, რა ფორმითაც მოესურვება, მაგრამ სამართლებრივი პროცედურა არის დასრულებული. სასამართლომ თქვა, რომ საქმეში არცერთი მოქმედება სახელმწიფოს მხრიდან არ იყო მოტივირებული პოლიტიკურად. სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებულია და საქმეში „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ მელია არის დამარცხებული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობილების და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება, რაც სამართლებრივ ნორმებზე შეთანხმებას და მის დაცვას გულისხმობს. თუკი ადამიანი არ დაემორჩილება კანონმდებლობას, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა. სწორედ ასეთი პასუხისმგებლობა დაეკისრა ნიკანორ მელიას. ამავდროულად, დაცული იყო ადამიანის უფლებები უმაღლესი ევროპული სტანდარტით.