რატი ბრეგაძე - მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ აქვთ
რატი ბრეგაძე - მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ პირები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება არ აქვთ

პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, მიხეილ სააკაშვილთან შესვლაზე განვუცხადეთ უარი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას, რატომ არ ეძლევა უკრაინის სახალხო დამცველს მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება.

„სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი. აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა. აქვე, იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები მათ შორის, გუშინ. მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმიც, ოჯახის წევრებიც და ყველა ის პირი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

ჩვენ ასევე სხვა პირებსაც, რომლებსაც საქართველოს კანონით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, განვუცხადეთ უარი. მე-18 დაწესებულება ეს არის სამკურნალო დაწესებულება და შესაბამისად, მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისგან, რომ იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება, საქართველოს კანონმდებლობით, შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

საქართველოს კანონმდებლობით, არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა, არ გვაქვს ჩვენ ამის ვალდებულება. პატიმარი როცა იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევეცადოთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული. ბუნებრივია, შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს.

წინა შემთხვევაში, როდესაც დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ კარგი იქნებოდა, მაშინ შევხვედროდით, რათა მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია. როდესაც დენისოვა მე-12 დაწესებულებაში შევიდა, გამოსვლისას გააკეთა მხოლოდ ცალმხრივი შეფასება და არ დაუსვამს ჩვენთვის არც ერთი კითხვა იმის შესახებ, შეესაბამებოდა თუ არა ის ინფორმაცია სინამდვილეს, რომელიც მას მიაწოდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.