რატი ბრეგაძე ლუქსემბურგის გლობალური ფორუმის ფარგლებში ევროპელ კოლეგებს ხვდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ლუქსემბურგში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი OECD-ისა და ლუქსემბურგის მთავრობის ერთობლივი ინიციატივით იმართება და ეძღვნება ისეთი თემების განხილვას, როგორიცაა: თანამედროვე გეოპოლიტიკური გარემო, დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობა და მოქალაქეთა ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, კლიმატის ცვლილება, კოვიდ-19-დან გამომდინარე გლობალური კრიზისი, ციფრული ტრანსფორმაცია და მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები.
ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი ნიდერლანდების დიგიტალიზაციის მინისტრს შეხვდა. რატი ბრეგაძემ ალექსანდრა ვან ჰუფელენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საჯარო სერვისების განვითარება და ციფრული მმართველობის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. იუსტიციის მინისტრმა მზაობა გამოხატა, ერთი მხრივ, გაუზიაროს პარტნიორებს წარმატებული ქართული მოდელი, მეორე მხრივ კი, დანერგოს საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. ამ მიზნით მან საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ციფრული მმართველობის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა გამოთქვა.
შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ესწრებოდა.
გლობალური ფორუმის დასრულებამდე რატი ბრეგაძე სახელმწიფო სერვისების დიგიტალიზაციის საკითხებზე, შეხვედრებს სხვა კოლეგებთანაც გამართავს.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.