რატი ბრეგაძე - ლაითურის დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა პირობა, რათა ადამიანის უფლებები უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ლაითურის ახლად გახსნილ №1 პენიტენციურ დაწესებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 700 პატიმარზე გათვლილ დაწესებულებაში ყველა პირობაა დაცული ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით დასაცავად.
„სამწუხაროდ, ადამიანები ყველა ქვეყანაში ჩადიან დანაშაულს და ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში სასჯელს სჭირდება აღსრულება. ეს რთული მისია საქართველოში აკისრია იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ, პრობაციის ბიუროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ამ მიმართულებით ჩვენ დაბა ლაითურში სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით, მაგალითისთვის, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილია 700 პატიმარზე და უზრუნველყოფილია ყველა პირობა, რათა ადამიანის უფლებები დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.