რატი ბრეგაძე - ხაზარაძე სახელმწიფოსგან ბიუჯეტის მეოთხედს ითხოვდა, გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში ყოფნა გსურს, ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა
მამუკა ხაზარაძე ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა მილიარდ-ნახევარი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25%, ანუ მეოთხედი და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დავის წაგების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველასთვის ცხადია, რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მამუკა ხაზარაძის გამარჯვებას.
„ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას. ასევე, გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა გსურს, სრულიად უსამართლოდ საკუთარ სახელმწიფოს მოსთხოვო მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას.
„წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებას ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას. გილოცავთ საქართველოს მორიგ, დიდ გამარჯვებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.