რატი ბრეგაძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები ხალხისთვის ცხადი რომ იყოს, საჭიროა ამ აჟიოტაჟის დაცხრობა და საქმიანი დიალოგი
„ხალხის ძალის“ კანონპროექტის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების არგუმენტები ხალხისთვის ცხადი რომ იყოს, საჭიროა ამ აჟიოტაჟის დაცხრობა და საქმიანი დიალოგი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივვე თქმით, პარლამენტი გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა კანონპროექტი, რადგან „ეს არის წმინდა სამართლებრივი ფორმალური ნაწილი“.
„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაციის. ნებისმიერ კანონპროექტს აქვს ორი ნაწილი, პოლიტიკური და სამართლებრივი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, აქ ერთ გარემოებას ვაკვირდებით, რომ ძალიან მაღლაა აწეული პოლიტიკური ტემპერატურა და სასურველია, დაცხრეს. მთელი ეს სიტუაცია, რომ არგუმენტები, როგორც ამ კანონპროექტის მომხრეების, ასევე მისი მოწინააღმდეგეების, გახდეს საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი და მიიღოს ამ ყველაფერმა ჯანსაღი ფორმა. იმისთვის, რომ თქვენც გაიგოთ და სხვამაც, რაზეა საუბარი, ადამიანმა გაიგოს, მიემხრობა ამ ყველაფერს თუ არა, პირველ რიგში, საჭიროა მთელი ამ აჟიოტაჟის დაცხრობა და აღნიშნული პროექტის გარშემო საქმიანი დიალოგი.
რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს. როდესაც განვიხილავთ კანონპროექტს, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, ეწინააღდეგება თუ არა ეს ან ნებისმიერი სხვა კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციას, არის თუ არა თანხმობაში ევროკავშირის დირექტივებთან, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან და რამდენად არის შესაბამისობაში მთლიანად საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. იმისთვის, რომ ვისაუბროთ კანონპროექტზე, ის შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, თუ ევროკავშირის დირექტივებთან, ამისთვის უნდა მოხდეს სრულყოფილი ანალიზი. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, მაშინ, როდესაც არის დიდი აჟიოტაჟი, ხმაური, სერიოზულ საკითხებზე საგნობრივი მსჯელობა არის პრაქტიკულად შეუძლებელი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, „ქართული ოცნება“ არის ყველაზე პროევროპული ძალა საქართველოში, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზას.
„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, კანონი იყოს თუ არა მიღებული, ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. თქვენ წაკითხული გაქვთ 78-ე მუხლი? ძალიან ამაყი და ძალიან მოხარული ვარ, რომ სწორედ პატივი მხვდა წილად, ვყოფილიყავი იმ საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რომელმაც ჩამოაყალიბა 78-ე მუხლი. ძალიან მოხარული ვარ, რომ მივეკუთვნები იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის მმართველობის პერიოდშიც, პირველად გაჩნდა საკონსტიტუციო ჩანაწერი და საკონსტიტუციო ვალდებულებად ექცა ყველა სახელმწიფო ორგანოს ყველა შესაძლო ზომის მიღება, რათა განხორციელდეს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ მუხლს, ძალიან მოხარული ვარ და ხშირად ვსაუბრობ ამაზე, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაკეთდა ყველაზე მეტი ევროატლანტიკური მიმართულებით. ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით და ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიყავი ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე საკონსტიტუციო კომისიაში. ერთხელ და სამუდამოდ რომ დაიმახსოვროთ, „ქართული ოცნება“ არის ყველაზე პროევროპული ძალა საქართველოში, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას. არავინ გვაძალებდა კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის მიღებას და სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაჩნდა ეს კონსტიტუციური ჩანაწერი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.