რატი ბრეგაძე - ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ გამოკვლევების შემდგომ და არა ტელევიზორში ნანახი გამოსახულებით, თუკი ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის მდგომარეობით, ვართ ჩვენ
ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ გამოკვლევების შემდგომ და არა ტელევიზორში ნანახი გამოსახულებით, თუკი ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვართ ჩვენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ბრეგაძის თქმით, თუკი ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს ხელისუფლებაა. ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილი არის პატიმარი და ხელისუფლების ვალია მის ჯანრმთელობაზე ზრუნვა.
„ძალიან დიდი ხანია, თვალყურს ვადევნებ მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ ვითარებას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს და ასევე ექიმებს, რომლებიც მცდელობას არ აკლებენ, რომ ამ ადამიანმა სრულყოფილად იმკურნალოს და მიიღოს საკვები. სიმართლე გითხრათ, სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება ექიმების რეკომენდაციებს და ეწევა თვითდაზიანებას. თვითდაზიანებაში იგულისხმება შიმშილობის მრავალი ეპიზოდი, ექიმების რეკომენდაციებისადმი არდამორჩილება, მედიკამენტებისა და საკვების შერჩევით მიღება.
კარგად მოგეხსენებათ, რომ საკვები მასთან მიაქვთ მისი ოჯახის წევრებს. სამედიცინო პერსონალმა მისცა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებსაც არ ასრულებენ. შესაბამისად, საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის უშუალოდ ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო უკეთებს ყველაფერს, უქმნის ყველა პირობას, რათა იმკურნალოს და თუ არ მკურნალობს, ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. ჩემი პირადი შთაბეჭდილება თუ გაინტერესებთ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს. ჩვენ მხოლოდ დაინტერესებული ვართ მისი ჯანმრთელობით.
სწორედ იმ რადიკალებს, რომლებიც ვერ ბედავენ, სიმართლეს თვალი გაუსწორონ და საკუთარი მოვალეობა შეასრულონ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და პრემიერის მოხსენების დროს გარბიან დარბაზიდან, შემდეგ საკუთარ სახელმწიფოს აყენებენ იმხელა შეურაცხყოფას, რომ საქართველოს ჰიმნის დროსაც არ იმყოფებიან დარბაზში, პასუხისმგებლობა უნდა მოჰკითხოთ მათ. ისინი მუდმივად მოუწოდებდნენ, დაეზიანებინა საკუთარი ჯანმრთელობა, რადგან მათ სურთ მხოლოდ ერთი რამ, ისარგებლონ მსჯავრდებულის პოლიტიკური წარსულით და დაიწერონ საკუთარი პოლიტიკური ქულები.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ხდება ექიმების მიერ გამოკვლევების შემდგომ და არა ტელევიზორში ნანახი გამოსახულებით. თუკი ვინმეა დაინტერესებული ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვართ ჩვენ, რადგან ეს ადამიანი ამჟამად პატიმარია და, შესაბამისად, ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მის ჯანმრთელობაზე, რასაც ჩვენ ვასრულებთ პირნათლად. თუკი ადამიანი საკუთარი ნებით არ მკურნალობს და ასევე არ იღებს საკვებს, იღებს მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც მას უნდა, მიიღოს, ჩვენ მას ვერც კვებას დავაძალებთ და ვერც მკურნალობას. ეს არ შეიძლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.