რატი ბრეგაძე - იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე, მას ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში
დღეს ხშირად ისმის მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა, მსჯავრდებული სააკაშვილი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
როგორც ბრეგაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუსტიციის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს სთავაზობს, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს მის მკურნალობაში.
„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის გარშემო დაძაბულობის მუხტის მცდელობებს და ცილისმწამებლურ კამპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ. საზოგადოებს უნდა შევახსენოთ, რომ სააკაშვილი საპატიმროში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც კანონმდებლობთ აქვს მინიჭებული. მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანთ ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ამ პერიოდისთვის იყო დაახლოებით 1500. ყველა სახის სამედიცინო საჭიროება, რომელიც სააკაშვილს წარმოეშვა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად და ადეკვატურად იყო დაკმაყოფილებული. მე-12 დაწესებულებაში, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, შემდგომ სამხედრო ჰოსპიტალში. შემდეგ ის განთავსებული იყო მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას ჰქონდა დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც იგი საკუთარი გადაწყვეტილებით სრულყოფილად არ იტარებდა. მისი ქცევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესების მინიმიზაციის მიზნით, იგი გადაყვანილი იყო მრავალპროფილურ კლინიკაში რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, სადაც იმყოფება დღემდე“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიუღებელია ის განცხადებები, რომლებიც ექიმების მისამართით კეთდება.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ექიმების დისკრედიტაციისა და დაუმსახურებელი უნდობლობის გამოცხადების არაერთი მცდელობა ვიხილეთ, რაც ჩვენ მიერ მკაცრად იყო დაგმობილი. მრავალჯერ მოვუწოდეთ ყველას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების თავშეკავებისკენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც, მრავალი შეურაცხყოფის მიუხედავად, ერთგულად ახორციელებს თავის მოვალეობას. ჩვენ ასევე მივმართეთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჯანმრთელობის შესაფასებლად და ექპერტიზაა ჩანიშნული. ბოლო პერიოდში ერთ-ერთმა ადვოკატმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ასევე გვქონდა მყისიერი რეაგირება. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ვთხოვეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელში მონაწილეობაზეც სააკაშვილმა განაცხადა უარი“, – განაცხადა მინისტრმა.
ასევე, იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ აქვს.
„დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენოთ ყველას, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია. კანონის წინაშე თანასწორობა არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. ასევე, ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექსპერტიზას, რომელშიც ასევე ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები და სახელმწიფომ თითოეულ მათგანს მისცა შესაბამისი ნებართვები. გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს მის მკურნალობაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.