რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე იურიდიულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიგელ დე სერპა სოარესს შეხვდა.
რატი ბრეგაძემ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს გააცნო იუსტიციის სამინისტროს როლი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის განვითარების პროცესში და ამ კუთხით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR), სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) და გაერო-ს სახელშეკრულებო მონიტორინგის ორგანოებში.
იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტის, სამართლებრივი ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებასა და განათლებაზე, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მშენებლობის საუკეთესო ინსტრუმენტზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2024 წლის ზაფხულში საქართველო გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ოფისთან თანამშრომლობით უმასპინძლებს რეგიონულ კონფერენციას საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და გაერო-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.