რატი ბრეგაძე - გუშინ სამი პატიმარი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცა, ისინი დავაკავეთ თბილისთან საკმაოდ ახლოს და უკვე გადაყვანილი არიან შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში
სამი პატიმარი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ, ეს ადამიანები დავაკავეთ თბილისთან საკმაოდ ახლოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამივე პატიმარი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ადგილი ჰქონდა ამ სამწუხარო ფაქტს, კონკრეტულად, დანაშაულს. არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით, დასრულდა წარმატებით. სამივე პატიმარი განთავსებულია უკვე შესაბამის პენიტეცნიურ დაწესებულებაში და მათ, როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი.
რაც შეეხება კითხვას, სად დავაკავეთ ეს ადამიანები, მე დღესაც ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ, იმ მარტივი მიზეიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ერთადერთი, რაც შემიძლია, ამ ფაქტთან დაკავშირებით გითხრათ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში. თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ. ერთი – ცოტა ადრე, ორი – ოდნავ მოგვიანებით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ბრეგაძის თქმით, სისტემამ, კოლეგა უწყებასთან ერთად, კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი აჩვენა.
„ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები. მათ ჩადენილი ჰქონდათ გარკვეული დანაშაული, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. ჯერჯერობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამიტომ ზედმეტი დეტალების გასაჯაროებისგან შევიკავებ თავს. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად. ეს ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, შემდგომში კიდევ დამატებით დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სსკ-ით. მათ დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი. ამის შესახებ იმსჯელებს სასამართლო. ეს აღარ არის ჩვენი კომპეტენცია.
ეს ადამიანები გაიქცნენ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან. დეტალები თუ ასე საინტერესოა საზოგადოებისთვის, საკმაოდ მალე, პირვანდელი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი. ისიც უნდა ითქვას, რომ მათ შორის დაკავებულია ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელიც, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ვმოქმედებთ ჰუმანური მეთოდებით. როდესაც ადამიანი ჩაიდენს დანაშაულს და ის ძებნაშია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მას მოვუწოდებთ, დაემორჩილოს სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და ჩაბარდეს. ამით მას შეუძლია, შეამციროს საკუთარი პასუხისმგებლობა.
მთელი სიტუაცია იყო კონტროლქვეშ. არ იყო საზოგადოებისთვის არავითარი საფრთხე. არცერთი ადამიანი არ დაშავებულა დაკავების დროს და ყველაფერი დასრულდა მშვიდობიანად. ყველამ აგო სახელმწიფოსა და სამართლის წინაშე შესაბამისი პასუხი. ამავდროულად, ეს არასრული 24-საათიანი ისტორია არის მკაცრი გაფრთხილება და გაკვეთილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გადაწყვეტს, გაილაშქროს სახელმწიფოს წინააღმდეგ უკანონო მეთოდებით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.