რატი ბრეგაძე - პრეზიდენტის გადაწყვეტილება გაუგებარია, როცა პატიმრები ცხრა დღეა, ელოდებიან თავისუფლებას, კანონს 2 ოქტომბრამდე თუ არ მოაწერს ხელს, მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე
ადამიანი ცხრა დღის განმავლობაში როცა უშედეგოდ ელოდება ნანატრ თავისუფლებას და ეს ერთ ხელმოწერაზეა დამოკიდებული, სრულიად ამოუხსნელი, გაუგებარია, რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი 2 ოქტომბრამდე თუ არ მოაწერს ხელს ამნისტიის შესახებ კანონს, მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე.
„მე ვხელმძღვანელობ ამ სისტემას, შესაბამისად, კარგად ვიცნობ პატიმრების პრობლემასაც. დამერწმუნეთ, პატიმრების ნაწილმა როცა იცის, რომ შეეხოთ ამნისტია, შეუძლიათ დატოვონ საპატიმრო დაწესებულება, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს, ასევე მათ ოჯახების წევრებსაც. ადამიანი ცხრა დღის განმავლობაში უშედეგოდ როცა ელოდება გათავისუფლებას, ნანატრ თავისუფლებას და ერთ ხელმოწერაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, პირადად ჩემთვის სრულიად ამოუხსნელი, გაუგებარია, რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს. საქმე ეხება ადამიანის თავისუფლებას და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამაზე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდეს ადამიანს, ვიდრე კანონს მოაწერო ხელი და ადამიანებს მისცე თავისუფლება. ამ ადამიანების და მათი ოჯახების წევრების გასაგონად აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის. პრეზიდენტი 2 ოქტომბრამდე თუ არ მოაწერს ხელს კანონს, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
მინდა, მოვუწოდო ამ ადამიანებს, აღივსონ მოთმინებით და სულ რამდენიმე დღეში აუცილებლად იქნებიან თავისუფალი, თუმცა პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარი, მიუღებელია პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ცხრა დღის განმავლობაში არ მოეწერა ხელი ადამიანების გათავისუფლებას, რასაც ისინი იმსახურებენ, “, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 17 სექტემბერს მიიღო. ამნისტიის კანონის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებას 1 000-ზე მეტი პატიმარი კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს. მთლიანობაში, სხვადასხვა შეღავათის სახით ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება. კანონი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ჯერ ხელი არ მოუწერია.