რატი ბრეგაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო’ ბრაიენს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, რატი ბრეგაძემ და ჯეიმს ო’ ბრაიენმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა საქართველოში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებებით.
„მინისტრმა ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ. საუბარი, აგრეთვე, შეეხო დეოკუპაციის პროცესის სამართლებრივ მხარდაჭერას და იუსტიციის სამინისტროს როლს ამ პროცესში.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, რადგან სტრასბურგის სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის მიმდინარეობა და 2024 წლის არჩევნების საკითხი.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს მრჩეველი სოფიო ვეკუა.