რატი ბრეგაძე - ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო დარგობრივი თანამშრომლობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჩეხეთში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბერძენ კოლეგასაც შეხვდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რატი ბრეგაძემ კოსტას ციარისთან საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მხარეებმა ურთიერთობის გაგრძელების შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ბერძენ კოლეგას საქართველოსა და საბერძნეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მემორანდუმი შექმნის შესანიშნავ პლატფორმას ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისათვის და გახსნის კარებს ახალი ინიციატივებისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. 2021 წელს სტრატეგიის ამოქმედებიდან დღემდე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის, ინდონეზიის იუსტიციის სამინისტროებთან.