რატი ბრეგაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს სტრასბურგისადმი თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე
რატი ბრეგაძე - ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს სტრასბურგისადმი თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე

ევროპარლამენტის რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს სტრასბურგისადმი თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

როგორც ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროპარლამენტის რეზოლუციის ის პუნქტი, სადაც მიხეილ სააკაშვილზეა საუბარი, სულ მცირე, ტენდენციურია.

„მსჯავრდებულ სააკაშვილის ადვოკატმა 18 აპრილს მისწერა სტრასბურგის სასამართლოს იმის შესახებ, რომ გამოეთხოვათ სარჩელი. ამ წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო. ეს არის თავად მათი წინადადება. ხოლო 25 აპრილს გამოსულ რეზოლუციის ტექსტში ნახსენები და მოთხოვნილია, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გათავისუფლებული იყოს ჰუმანიტარული მიზნით და გადაყვანილი იყოს უცხო სახელმწიფოში სამკურნალოდ. სრულ შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე, რადგან 18 აპრილს ჯერ კიდე სააკაშვილი ითხოვს სარჩელის ამორიცხვას, ასევე აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი მოთხოვნილია მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რეზოლუციის, მინიმუმ, ეს პუნქტი არის საკმაოდ ტენდენციური და ევროპარლამენტის წევრებსაც არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია. მეტიც, მათზე ძალიან დიდი გავლენა იქონია, როგორც ჩანს, ინფორმაციამ, რომელსაც ავრცელებს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. საზოგადოებამ ნახა, რომ მსჯავრდებულის დედა და ასევე მისი ერთი მხარდამჭერი იმყოფებოდნენ ევროპარლამენტში. თავად რეზოლუციაში წამოყენებული მოთხოვნა არის ფაქტებით გაუმყარებელი და ამას მოწმობს თავად სააკაშვილის წერილი მისი სარჩელის ამორიცხვის თაობაზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა, შესაბამის წერილში აღნიშნულია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის.

ევროპარლამენტმა, 425 ხმით 30-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიერ წარდგენილ ერთობლივ რეზოლუციას, რომელშიც საუბარია სააკაშვილის გათავისუფლებაზეც.