რატი ბრეგაძე - ევროკომისიის გადაწყვეტილება არის იმ ძალისხმევის აღიარება, რომელიც მთავრობამ ქართველი ხალხის არჩევანის უზრუნველსაყოფად გასწია
ევროკომისიამ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის აღიარება იმ ძალისხმევისა, რომელიც გასწია საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის არჩევანის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არის განსაკუთრებულად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.
„2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებად განისაზღვრა მათი შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ღონისძიების გატარება, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ქართველი ხალხის ისტორიული ნება, კერძოდ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებული განხორციელება. შესაბამისად, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არის განსაკუთრებულად სასიხარულო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლიანი გადაწყვეტილება და აღიარება იმ ძალისხმევისა, რომელიც გასწია საქართველოს მთავრობამ ქართველი ხალხის არჩევანის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ადრეც ვაცხადებდით, რომ ამ პროცესში საქართველო იქნებოდა წარმატებული და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და შემდგომშიც წარმატებით გააგრძელებს სვლას ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.