რატი ბრეგაძე - ერთმანეთთან შეუთავსებელია, როდესაც საუბარია სხვადასხვა სახის დიაგნოზზე, მათ სიმძიმეზე და შემდეგ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ დასკვნა კონფიდენციალური იქნება
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის კონფიდენციალურობაზე ისაუბრა.
ბრეგაძის თქმით, ერთმანეთთან შეუთავსებელია, როდესაც საუბარია სხვადასხვა სახის დიაგნოზზე, მათ სიმძიმეზე და შემდეგ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ დასკვნა კონფიდენციალური იქნება.
„გუშინ გამოდიოდა სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, რომელმაც განაცხადა, რომ დასკვნა იქნება კონფიდენციალური და მხოლოდ სასამართლოს შეეძლება, იცოდეს მისი დიაგნოზების შესახებ. გამოდის, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის დარჩება უცნობი. აქ ერთმანეთთან შეუთავსებლობაა. როდესაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საუბარია სხვადასხვა სახის დიაგნოზზე, მათ სიმძიმეზე და ამაზე საუბრობენ პოლიტიკოსები და არა ექიმები, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, და მერე გამოდის ადვოკატი და ამბობს, რომ დასკვნა იქნება კონფიდენციალური და მისი გაცნობის უფლება არ ექნება არავის, ეს ყველაფერი, ვფიქრობ, საზოგადოებამ დამოუკიდებლად უნდა განსაჯოს. დარწმუნებული ვარ, ყველაზე კარგად საზოგადოება მიხვდება, რაზეც არის საუბარი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.