რატი ბრეგაძე - დღეს პენიტენციურ სისტემაში საქართველოს ისტორიის მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო კანონმდებლობა გვაქვს
პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში ჩატარებული რეფორმების შესახებ. ყველას კარგად მოეხსენება, რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში 2011 წელს და ის, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა გახლდათ სისტემური პრობლემა პენიტენციურ დაწესებულებებში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს არის არა ჩვენი შეფასება, არამედ არაერთი ევროპული სტრუქტურის. ეს ყველაფერი იყო ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილი. ამის შემდგომ კი, დღეს გვაქვს პენიტენციური სისტემა, რომელშიც მოქმედებს „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელშიც სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გავხსენით უკვე იუსტიციის სახლები. ეს ყველაფერი 2011 და 2012 წლების პერსპექტივიდან წარმოუდგენელი იყო, ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, თუმცა სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად ეს, ერთი მხრივ წარმოუდგენელი შედეგიც, როგორც ხედავთ, გახდა მიღწევადი და მინდა, ასევე, ყველა ჩემს წინამორბედს და სისტემის ყოველ თანამშრომელს დიდი მადლობა გადავუხადო ამ გაწეული შრომისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა ახალი პენიტენციური კოდექსის მიღებაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო პენიტენციური კოდექსი, რომელიც არის უნიკალური და თანამშრომლობის საკმაოდ კარგი შედეგი. პენიტენციური კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე სახალხო დამცველის ოფისი. ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ CPT-ის რეკომენდაციებიც. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ კანონმდებლობა დღეს პენიტენციურ სისტემაში ჩვენ გვაქვს საქართველოს ისტორიის მანძილზე ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც უკვე მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ახალი პენიტენციური კოდექსის მიხედვით, იზრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის სტანდარტი, ასევე უმჯობესდება ჩვენი საამაყოთანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიები. მაგალითისთვის, რაც შეეხება უფლებრივ მდგომარეობას, ბრალდებულს, ასევე, მიენიჭება ხანგრძლივი პაემანის უფლება, რაც მათ არ ჰქონდათ; თანაბრდება ბრალდებულისა და მსჯავრდებულის პირობები, კერძოდ, ორივესთვის სავალდებულო იქნება, მინიმუმ, 4 კვ.მ განსაზღვრა. აქვე უნდა დავაანონსოთ, რომ ხანგრძლივი პაემნები ოჯახის წევრებთან იქნება სრულიად უფასო და სახელმწიფო დაფარავს ამ ხარჯებს, რაც აქამდე იყო ფასიანი; უმაღლესი განათლების უფლება ამიერიდან ექნება ყველა მსჯავრდებულს; გაიზრდება თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები და ისინი უკვე მიიღებენ წელთა ნამსახურების და წოდებრივ დანამატებს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.