რატი ბრეგაძე - დაველოდებით ექიმების დასკვნას, ამ ფაქტორის გამორიცხვა უკვე გვაძლევს საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში
იყო ორი მთავარი ფაქტორი – უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა; როგორც კი ეს რისკი იქნება გამორიცხული, პენიტენციური სამსახური შეძლებს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სასამართლო დარბაზში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკებზე – ეს იხილა საზოგადოებამაც, რომ მან დაკარგა გონი. აქვე იმაზეც უნდა ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მაღალ პროფესიონალიზმს უნდა გავუსვათ ხაზი, რადგან ამ ეპიზოდიდან საკმაოდ მალე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იყო სტაბილური“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.