რატი ბრეგაძე - დარწმუნებული ვართ, გავიმარჯვებთ დიდი უპირატესობით, „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა აქვს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, თბილისში „ქართული ოცნების“ გუშინდელმა საარჩევნო ღონისძიებამ აჩვენა, რომ მმართველ გუნდს მოსახლეობაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„პირველ რიგში, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, რომელიც მობრძანდა აქციაზე, ასევე, ადევნებდა თვალყურს აქციას სხვადასხვა ტელევიზიის თუ სოციალური მედიის საშუალებით. ის მასშტაბი, რომელიც გუშინ იხილა საზოგადოებამ, მეტყველებს იმ ნათელ გარემოებაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობაში აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ამ ყველაფერს განაპირობებს გატარებული რეფორმები, ჩატარებული სამუშაოები. შესაბამისად, ჩვენ ნამდვილად დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ ძალიან დიდი უპირატესობით და ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგება სწორ გზას. ვფიქრობ, ამ არჩევნების შემდგომ „ნაციონალური მოძრაობაც“, ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას, საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდგომ შეიქმნება ახალი ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ქვეყნის ინტერესებზე და რომელიც არ გადაიხდის ფულს იმაში, რომ საქართველო დაასანქცირონ, ოფიციალურად და დეკლარირებულად მით უმეტეს, და რომელთა რიგებშიც არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ იმის გამო, რომ იყვნენ უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურების წევრები და მთელი რიგი სხვა გარემოებები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნების შემდგომ ჩამოყალიბდება ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებული იქნება სახელმწიფოს ინტერესებზე და არ მოითხოვს სახელმწიფოსგან სრულიად უსაფუძვლოდ მილიარდ-ნახევარზე მეტ ამერიკულ დოლარს, ბატონი ხაზარაძის მსგავსად, რომელიც იმ პერიოდში უტოლდებოდა ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს და არ დააყენებს საკუთარ სახელმწიფოს ეკონომიკური კოლაფსის წინაშე. ვფიქრობ, ბატონი ხაზარაძეც კარგად მიხვდა, რომ არ გავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ტყუილები, საერთაშორისო არბიტრაჟში მწარე მარცხიც იწვნია და ის ფულიც გადაიხადეს, რომელიც უნდა გადაეხადათ საქართველოსთვის“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.