რატი ბრეგაძე - დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ახალი ელჩი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანაში
დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის ახალი ელჩი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანაში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბრეგაძემ კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „მდიდარი „ენჯეოები“ ცდილობენ, აშშ-ის ახალ ელჩს არ მისცენ ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება“.
იუსტიციის მინისტრის თქმით, არასამთავრობო სექტორი უნდა გამოხატავდეს მოქალაქეების პოზიციას და საქართველოს ევროპულ აწმყოშიც ითამაშოს დადებითი როლი.
„საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ, არიან და იქნებიან სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ახალარჩეულ ელჩთანაც, მე პირადადაც მქონდა ასეთი შეხვედრა და ეს იყო ძალიან პოზიტიური, საქმეზე ორიენტირებული და უკეთეს მომავალზე ორიენტირებული შეხვედრა. ჩვენ რამდენიმე პროექტი უკვე დავგეგმეთ, რომლებსაც ერთობლივად განვახორციელებთ, მიმოვიხილეთ ასევე ის პროგრესი, რომელიც არსებობს ჩვენს ურთიერთობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ელჩი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაყვანაში. არასამთავრობო სექტორს ზოგადად სახელმწიფოში აქვს განსაკუთრებული როლი და ისინი უნდა გამოხატავდნენ მოქალაქეების პოზიციას არსებულ როლზე, წარმოადგენენ მათი გადაჭრის გზებს და, შესაბამისად, საქართველოს ევროპულ აწმყოშიც მათ უნდა ითამაშონ, რა თქმა უნდა, დადებითი როლი და უნდა მიიტანონ ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მდიდარი „ენჯეოები“ ცდილობენ, აშშ-ის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ და პირიქით, ეს ურთიერთობები რამენაირად დამატებით დააზიანონ. კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ ელჩ რობინ დანიგანსაც ექნება აქტიური რეაგირება ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგ არის მიმართული.