რატი ბრეგაძე - ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, სწორედ ამიტომ გაასაჯაროვა პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამისი კადრები
რატი ბრეგაძე - ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, სწორედ ამიტომ გაასაჯაროვა პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამისი კადრები

ჩვენი ინტერესია ყველა პატიმრის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა. პატიმარი სააკაშვილი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო მე-18 დაწესებულებაში, მან ჩვენს თანამშრომელს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატების განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალო დაწესებულებაში შესახლებისას სეურაცხყოფა მიაყენეს, სიცრუეა.

„კიდევ ერთი ბრალდება, რასაც წამების და არაადამიანური მოპყრობის კონტექსტში გავაგრძელებ. ერთ-ერთი ტელეარხის დირექტორის და ამავდროულად, ადვოკატის, ბატონ ნიკოლოზ გვარამიას ვციტირებ და უკაცრავად, თუ რაიმე ისეთი სიტყვა არის, რაც არ ესიამოვნება საზოგადოებას. მხოლოდ და მხოლოდ ვციტირებ, „მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხემდე მანქანით მიიყვანეს, მაგრამ ბოლო 30 მეტრი მანქანით არ გაატარეს და სპეციალურად პატიმრების კორპუსთან გადმოიყვანეს. როგორც კი მანქანა გაჩერდა დაიწყეს გინება, თუმცა არავის უნდა სცოდნოდა, რომ იმ მანქანაში სააკაშვილი იყო. იმ ადგილიდან, სიტყვა-სიტყვით ვამბობ, ადვოკატის მიერ ნათქვამ ტერმინს, გადმოათრიეს, ეს არის დამოკიდებულება, თუ როგორ საუბრობენ დასაცავ პირზე, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ათრიეს 30 მეტრი და ასე მიიყვანეს საავადმყოფოს კორპუსთან“. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში ვამხელთ და ნათლად გამოჩნდება, თუ სად გაჩერდა რეანომობილი, რომლითაც გადავიყვანეთ პატიმარი სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში და ნათლად დაინახავს ამას საზოგადოება, რომ ეს არის გაჩერებული პირდაპირ დაწესებულების კარებთან, სადაც მას საერთოდ ვერავინ დაინახავდა. მსგავსი ტიპის წვრილმან სიცრუეზე არის აწყობილი მთელი კამპანია. ეს რაც შეეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც თითქოსდა ჩვენ ვახორციელებთ ამ პატიმრის მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, სწორედ ჩვენ ვიყავით ის ხალხი, რომელიც ზრუნავდა პატიმრის ჯანმრთელობაზე, ზრუნავს და რა თქმა უნდა, მომავალშიც იზრუნებს. ჩვენი ინტერესი არის ყველა პატიმრის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ საააკშვილი სამართალდამცველის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.

„აქვე ვიტყვი კიდევ ერთს, რომ თავად პატიმარი, არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანომობილიდან და შესახლებულიყო მე-18 დაწესებულებაში და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩვენს თანამშრომელს, ბუნებრივია, ამის შესახებაც მივაწვდით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას. აქვე გეტყვით, რომ ამ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, როგორც ინსპექტორი, ასევე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენი სისტემის ყველა თანამშრომელს, რომელიც ესოდენ მაღალი კვალიფიციურობით ასრულებს თავის მოვალეობას, ცდილობს, აღასრულოს სამართალი და დაიცვას პატიმრის უფლებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული და იცოდეს სიმართლე. სწორედ ამ მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს იმ კადრებს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იქნა შესახლებული მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი სააკაშვილი, ასევე პალატაში განთავსებას და სააკაშვილის მიერ დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს გაასაჯაროვა.