რატი ბრეგაძე - ჩვენი ხელისუფლება მოსახლეობას არასდროს ეუბნება ტყუილს, ყოველთვის ვეუბნებით სრულ სიმართლეს და ორიენტირებული ვართ სახელმწიფოს ინტერესებზე ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გაუჭირდება, რადგან ჩანაწერი არ მოუსმენია.
თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება საზოგადოებას ყოველთვის სრულ სიმართლეს ეუბნება და არასწორია საუბარი, თითქოს ხელისუფლება ატყუებს მოსახლეობას.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ არ მომისმენია ეს ჩანაწერი, შესაბამისად, გამიჭირდება შინაარსზე რაიმე კომენტარის გაკეთება, როდესაც არ ვიცი, საერთოდ რაზე არის საუბარი. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რაც გაჟღერდა, თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება ატყუებს მოსახლეობას, „ქართული ოცნება“ არათუ ატყუებს მოსახლეობას, არამედ ყოველთვის ეუბნება სიმართლეს და თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ყოველთვის, ყველა ვითარებაში. ჩვენ მოსახლეობას არასდროს ვეუბნებით ტყუილს, პირიქით, ყოველთვის ვეუბნებით სრულ სიმართლეს და ვართ ორიენტირებული სახელმწიფოს ინტერესებზე ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ორიენტირებულია საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, რატი ბრეგაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო.
„რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა, რადგან რუსეთის მხრიდან იყო გაუქმებული და ამით პრობლემები ექმნებოდა ჩვენს მოქალაქეებს მათ შორის, რომლებიც ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში და რომლებსაც უწევდათ საქართველოში ჩამოსვლა სხვადასხვა შემოვლითი გზით. გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ფედერაციამ და თავად გააუქმა ის გადაწყვეტილება, რომელიც ჰქონდა მიღებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.