რატი ბრეგაძე - ჩვენი ამოცანაა, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მის უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე, სწორედ ამ მოტივების გამო სააკაშვილი გადაყვანილი იქნა შესაბამის დაწესებულებაში
საქართველოს იუტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ნებისმიერ გადაწვეტილება, რომელიც ემსახურება პატიმრის გადაყვანას ამა თუ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება.
ბრეგაძის თქმით, ამოცანაა, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მის უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე.
მინისტრის განმარტებით, სწორედ ამ მოტივების გამო იგი იქნა გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში.
„მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა. შესაბამისად, შეიქმნა მზარდი რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო. ბუნებრივია, იქმნებოდა მსგავსი ტიპის რისკი, შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, იგი განთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გლდანის ნომერ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და შესაბამისად იზრუნებს მასზე სამედიცინო პერსონალი. მისი მეთვაყურეობა იქნება უფრო უკეთესი და მჭიდრო, ვიდრე ეს იყო ნომერ მე-12 დაწესებულებაში. აქვე გეტყვით, რომ ეს განპირობებული იყო ასევე უსაფრთხოების მოტივებით. ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ სამხელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ თუ მოხდებოდა პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა, ამ შემთხვევაში მობილიზებული იქნებოდა ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელიც შეეცდებოდა გზების ჩახერგვას და ხელშეშლას. ჩვენ გვქონდა სხვა ინფორმაციაც და ზოგადად, ამ პატიმრის ირგვლივ არსებული სიტუაცია წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და მის უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე, სწორედ ამ მოტივების გამო იგი იქნა გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რით მოხდა სააკაშვილის ტრანსპორტირება, ვერტმფრენით, თუ სპეციალური ავტომობილით, – ბრეგაძემ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოახდინა სააკაშვილის უსაფრთხოდ გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში.
„ბუნებრივია, ამ დეტალებზე სიღრმისეულად არ ვისაუბრებ, ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, რომ მომხდარიყო გარკვეული ხელშეშლა, სწორედ ამიტომ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოახდინა მისი უსაფრთხოდ გადაყვანა გლდანის ნომერ მე-18 დაწესებულებაში, მინდა, ყველა თანამშრომელს დიდი მადლობა გადავუხადო, აქვე კოლეგებს აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის, რომ პატიმრის უსაფრთხოება ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.