რატი ბრეგაძე - ჩვენ არ გვყავს არაჩვეულებრივი პატიმრები, ჩვენთვის ყველა პატიმარი არის კანონის წინაშე თანასწორი და მიდგომა ყველას მიმართ თანაბარი იქნება
რატი ბრეგაძე - ჩვენ არ გვყავს არაჩვეულებრივი პატიმრები, ჩვენთვის ყველა პატიმარი არის კანონის წინაშე თანასწორი და მიდგომა ყველას მიმართ თანაბარი იქნება

ჩვენ არ გვყავს არაჩვეულებრივი პატიმრები, ჩვენთვის ყველა პატიმარი არის კანონის წინაშე თანასწორი და მიდგომა ყველას მიმართ ყოველთვის  თანაბარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა.

ბრეგაძემ ამ განცხადებით ინტერპელაციის წესით ეკა ხერხეულიძის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა.

„ქალბატონო ეკა, პატიმრის სამაჯურებს რაც შეეხება, როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, არამედ 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. შესაბამის ინფორმაციას მოგაწოდებენ. ასევე, როდესაც საუბრობდით ეგრეთ წოდებულ შუმოკზე, ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გამოიყენებთ ამ რუსულ ტერმინებს, ქართულად გადაძახილი ჰქვია. ყველა პირი, რომელიც ამაში მონაწილეობდა, 31 პირს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და ამის შესახებაც, შეგვიძლია, მოგაწოდოთ ინფორმაცია, როდესაც ასე ხელაღებით გვიმტკიცებთ, თითქოს ეს იყო ხელისუფლებისგან მართული. რაც შეეხება არაჩვეულებრივ პატიმარს, ჩვენ არ გვყავს არაჩვეულებრივი პატიმრები. მესმის თქვენი სუბიექტური დამკიდებულება თქვენი მეგობრის მიმართ, მაგრამ ჩვენთვის ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია და ყველას მიმართ თანაბარი მიდგომა იქნება. ქალბატონო ეკა, თქვენ საუბრობდით ძალიან კარგ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე. ვთხოვე და მოგვაწოდეს სურათები და ამას გადმოგცემთ, რომ თქვენ კარგად გაიხსენოთ, თუ რა მდგოამრეობაში იყო“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა ასევე ისაუბრა სააკაშვილის ალტერნატიული ექსპერტიზის შესახებაც და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ, როდესაც წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას და სასამართლოს განჩინებას, რა თქმა უნდა, შევლენ სააკაშვილთან.

„ალტერნატიული ექსპერტიზის შესახებ არაერთხელ ვისაუბრეთ და აქ რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს არ ვამჟღავნებთ. ამისგან ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, აუცილებლად შევლენ, ისევე, როგორც აქამდე, როდესაც ვთქვით, რომ სააკაშვილი გადავიდოდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში და აქ ჩვენ დანაპირების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.