რატი ბრეგაძე - არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება ხელისუფლების ინტერესებშია, სამწუხაროდ, ეს არ შედის ოპოზიციის ინტერესებში, მათ სურთ, შექმნან დაძაბულობის მუხტი
მოვუწოდებ ყველა წარმომადგენელს ოპოზიციის მხრიდან, იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება არა ოპოზიციის, არამედ ხელისუფლების ინტერესშია. ბრეგაძის განცხადებით, ოპოზიციამ იცის, რომ არჩევნებში დამარცხდება და დაძაბულობის მუხტის შექმნა სურს.
„ჩვენ საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინტერესებში არის არჩევნების სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება. სამწუხაროდ, ეს არ შედის ოპოზიციის ინტერესებში, გამომდინარე იქედან, რომ წინასწარ იციან, ვერ მოიპოვებენ უმრავლესობას, დამარცხდებიან ამ არჩევნებში, ისევე, როგორც სხვა წინა არჩევნებში. შესაბამისად, მათ სურთ, რომ ვითარება გარკვეულწილად არიონ და შექმნან დაძაბულობის მუხტი. ამის შესახებ ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, ამ შემთხვევაშიც გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ ყველა წარმომადგენელს ოპოზიციის მხრიდან, რომ იყვნენ მაქსიმალურად კორექტულები და აღიარონ არჩევნების შედეგები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.