რატი ბრეგაძე - არცერთი სახის შეურაცხყოფას არ ვემხრობი, პოლიტიკა შესაძლებელია, წარიმართოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ რეჟიმში, თუმცა ზოგჯერ შეიძლება, ემოციურმა მომენტებმა იმძლავროს
რატი ბრეგაძე - არცერთი სახის შეურაცხყოფას არ ვემხრობი, პოლიტიკა შესაძლებელია, წარიმართოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ რეჟიმში, თუმცა ზოგჯერ შეიძლება, ემოციურმა მომენტებმა იმძლავროს

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმიანი ურთიერთობა შეიძლება გადავიდეს სხვა ტიპის ურთიერთობაში. მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა, ზოგადად, არამხოლოდ ქალების მისამართით, ქალების მხრიდან საპირისპირო სქესის მისამართითაც გაგვიგია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, არ ემხრობა არცერთი სახის შეურაცხყოფას და ფიქრობს, რომ პოლიტიკა შესაძლებელია, წარიმართოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ რეჟიმში.

„ისევ და ისევ ვუბრუნდებით დეპოლარიზაციას. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმიანი ურთიერთობა შეიძლება გადავიდეს სხვა ტიპის ურთიერთობაში. მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა, ზოგადად, არა მხოლოდ ქალების მისამართით, ქალების მხრიდან საპირისპირო სქესის მისამართითაც გაგვიგია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი იმას, რომ, ზოგადად, არცერთი ტიპის შეურაცხყოფას მე არ ვემხრობი, არასოდეს და ვთვლი, რომ პოლიტიკა შესაძლებელია, წარიმართოს ბევრად უფრო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ რეჟიმში. ზოგჯერ შეიძლება, ემოციურმა მომენტებმა იმძლავროს, თუმცა მე ვიცნობ დეპუტატებს, ვისზეც თქვენ საუბრობთ. ისინი საკმაოდ ღირსეული ადამიანები არიან და კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუკი ზოგჯერ იმძლავრებს ემოციები, რაც, სამწუხაროდ, ხდება პოლიტიკაში, ეს არ არის მისაღები, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, მძლავრობს ემოციები, ხშირია ხოლმე შეურაცხყოფები, მათ შორის, ქალი დეპუტატების მხრიდანაც. კერძოდ, ქალბატონი წითლიძე ხშირად იყენებს ხოლმე იმგვარ ეპითეტებს, რომლებიც არის ყოვლად დაუშვებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, არცერთი ტიპის შეურაცხყოფა ჩემთვის არ არის მისაღები. არ ვამართლებ არცერთი ტიპის შეურაცხყოფას, თუმცა გეუბნებით იმასაც, რომ მე ვიცნობ ძალიან კარგად ამ ადამიანებს და ესენი არიან საკმაოდ კარგი და ღირსეული ადამიანები. შესაძლებელია, იმძლავრა ემოციებმა გარკვეულ დროს. რაც მოხდა, ეს არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება რეაგირებას, რატი ბრეგაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ყოველთვის მოქმედებს რეგლამენტის ზედმიწევნით დაცვით.

„ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ის გააკეთებდა იმას, რაც იყო საჭირო და არ დაარღვევდა რეგლამენტს. საკმაოდ კარგად და ოსტატურად მართავს ბატონი პაპუაშვილი პარლამენტის სხდომებს და ხელს უწყობს აზრის გამოხატვას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.