რატი ბრეგაძე - არავის მივცემთ უფლებას, გაბედოს და თავს დაესხას, შეურაცხყოფა მიაყენოს საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას
არავის მივცემთ უფლებას, გაბედოს და თავს დაესხას, შეურაცხყოფა მიაყენოს საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქალაქო სასამართლოს ეზოში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ჩვენი სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ. როდესაც ის გამოვიდა სასამართლო დაწესებულებიდან, დაუზიანეს მანქანა და რომ არა პოლიციის კორდონი, მას შეიძლება, ვერც კი დაეტოვებინა ჯანმრთელ მდგომარეობაში სასამართლოს ტერიტორია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, მსგავსი ფაქტები ცხადყოფს, როგორი ზეწოლა მიმდინარეობს სასამართლოზე რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
„ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, ვინმემ შეუშალოს ხელი, ვინმე თავს დაესხას, გაბედოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი ორგანოები ამ საკითხზე აუცილებლად იმსჯელებენ და დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ სამართალდამრღვევისთვის, რომელმაც მსგავსი რამ ჩაიდინა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე მცირე დაპირისპირება დღეს მოხდა.