რატი ბრეგაძე - არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩვენი საფიქრალია, პატიმრის უფლებები იყოს დაცული, არ მგონია, გვარამიას შეწყალებას კავშირი ჰქონდეს ევროინტეგრაციასთან
რატი ბრეგაძე - არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩვენი საფიქრალია, პატიმრის უფლებები იყოს დაცული, არ მგონია, გვარამიას შეწყალებას კავშირი ჰქონდეს ევროინტეგრაციასთან

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო.

მისივე თქმით, შესაბამისი დადგენილების მიღებისთანავე მისი სრულყოფა დაიწყეს.

„არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. ადამიანი როცა პატიმარია, ამ დროს ერთადერთზე, რაზეც ვფიქრობ ხოლმე, არის ის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ეს არის ჩვენი საფიქრალი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხოლმე პრეზიდენტი, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ. პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე არ დაუსახელებია არგუმენტი, თქვა, რომ არ ისაუბრებდა. არაფერი ვიცოდი, სატელევიზიო არხით გავიგე. როგორც კი მოვიდა დადგენილება, მისი სისრულეში მოყვანა დავიწყეთ. ნებისმიერი პატიმარი როცა გადის პენიტენციური დაწესებულებიდან, ჩვენ ყოველთვის მოწადინებული ვართ, რესოციალიზაციის პროცესი სრულად ჰქონდეს გავლილი, დაუბრუნდეს საზოგადოებას და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შეწყალების კავშირს საქართველოს ევროინტეგრაციასთან, კითხვის საპასუხოდ რატი ბრეგაძემ აღნიშნა: „არ მგონია, შეწყალებას და კონკრეტულ შემთხვევას კავშირი ჰქონდეს ევროინტეგრაციასთან“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.