რატი ბრეგაძე - არ გამორიცხოთ, ორგანიზაციები დეკლარირებას როცა მოახდენენ, გამოვლინდეს, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ კამპანიაც რომელიმე დაინტერესებული პირის დაფინანსებული იყო
აშშ-ში მოქმედი კანონის წყალობით, ყველასთვის გახდა ცნობილი, რომ სწორედ მსჯავრდებულ სააკაშვილსა და მის პარტიას ჰქონდათ მილიონდოლარიანი კამპანია ნაწარმოები საქართველოს წინააღმდეგ, ასევე, ჰქონდათ თანხა ლობისტებისთვის გადახდილი იმაში, რომ საქართველო დაესანქცირებინათ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მსგავსი კამპანია იყოს წარმოებული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზეც.
„როგორ არ ვცდებოდი, როცა ვამბობდი, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არის ბოლშევიკური მოძრაობა, რადგან ტერმინებშიც კი მათ ტერმინოლოგიას იყენებენ, მაგალითად, როდესაც ვინმეს აცხადებენ ხალხის, ქვეყნის მტრად. ინფორმაცია, რაც გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს არის სრულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული. საბჭოთა მეთოდები იყო საკმაოდ წარმატებული, როცა ცდილობდნენ, მტრის ხატის შექმნას რომელიმე ქვეყნისგან ან ადამიანისგან. ასე აგრძელებს მოქმედებას კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. შესაძლებელია, რომ საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდებოდეთ არასწორი ინფორმაცია, მათ შორის, ოპოზიციისგან. იგივე იყო სააკაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც საუბარი იყო, თითქოს აწამებდნენ და ა.შ. თუმცა საბოლოოდ სიმართლე დამტკიცდა ყველა სამართლებრივ დონეზე. იგივეა აქაც“, – განაცხადა ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის განცხადებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოხატვის თავისუფლებას ბოროტად იყენებს.
„ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სწორედ აშშ-ში მოქმედი კანონის წყალობით, ყველასთვის გახდა ცნობილი, რომ სწორედ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის პარტიას ჰქონდათ მილიონდოლარიანი კამპანია ნაწარმოები საქართველოს წინააღმდეგ. ასევე, ჰქონდათ თანხა ლობისტებისთვის გადახდილი იმაში, რომ საქართველო დაესანქცირებინათ. შესაბამისად, არ გამორიცხოთ, ცოტა ხანში, როცა ორგანიზაციები დეკლარირებას მოახდენენ, მათ შორის ამერიკაშიც, გამოვლინდეს, რომ ეს კამპანიაც დაფინანსებული იყო რომელიმე დაინტერესებული პირის მიერ საქართველოში“, – განაცხადა ბრეგაძემ.