რატი ბრეგაძე - ახალი პენიტენციური კოდექსი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს
ახალი პენიტენციური კოდექსი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივ მდგომარეობას კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
„2012 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში მოვიდა ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანია. საზოგადოებამ ნათლად იხილა პენიტენციურ სისტემაში გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგები. მუდმივი ზრუნვის საგანია ინფრასტრუქტურული პირობების მისადაგება თანამედროვე, მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან. რა თქმა უნდა, მთავარი საზრუნავია თანამშრომლების ღირსეული სამუშაო პირობები, რაც მუდმივად უმჯობესდება. თუმცა, ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით, ყოველთვის ვეძებთ არსებულ გამოწვევებს და მათზე შესაბამის პასუხებს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის თქმით, მსოფლიო ვითარდება, შესაბამისად, ვითარდება მიდგომები პენიტენციურ სისტემებთან მიმართებით, იუსტიციის სამინისტრო ფეხს უწყობს ამ პროგრესს, რისთვისაც შემუშავდა ახალი პენიტენციური კოდექსი.
ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს.
ახალი პენიტენციური კოდექსის მიხედვით ბრალდებულს მიენიჭება: ხანგრძლივი პაემნის უფლება; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულებისა; ყველას ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება; გაიზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე; მოსამსახურეები, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.
ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტი შემუშავებულია კანონმდებლობის კოდიფიკაციის რეფორმის ფარგლებში.
ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.